ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, „ევროპის დღეები 2022“-ის ფარგლებში კოლეჯის “თეთნულდი” მასწავლებლებსა და სტუდენტებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა.
მომხსენებელი მონაწილეებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ ხელშესახებ შედეგებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადსა და შემდგომ ნაბიჯებზე.
შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. ამასთანავე, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მედეგობის გაზრდის მნიშვნელობას.შეხვედრის მონაწილეებს და კოლეჯის ბიბლიოთეკას საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურა გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ წელს ევროპის დღეები საქართველოში უკვე მეათედ იმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” ახორციელებს.ევროპის დღეების მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა. მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მოქალაქეების აღნიშნულ პროცესში აქტიური ჩართვა, რაც თავის მხრივ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის წინაპირობაა.